ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე შეერთებული შტატებია და ეს დადასტურდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. კელი დეგნანმა Facebook-ზე ლაივის დროს უპასუხა მოქალაქეების შეკითხვას, სად და როგორ ხედავს აშშ მომავალში საქართველოსთან ურთიერთობებს.
ელჩის განმარტებით, შტატების საქმიანობა, რითაც ამერიკა საქართველოს უჭერს მხარს, დაკავშირებულია სამ მიზანთან და ესენია: ძლიერი უსაფრთხო საქართველო, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და რომელსაც შეუძლია აგრესიის შეჩერება ისეთი მეზობლებისგან, როგორიც არის რუსეთი. მეორე მიზანი ეკონომიკის განვითარებაა როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონებში, რომ ქვეყანას მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს და ადამიანებს ქვეყნის დატოვების სურვილი არ გაუჩნდეთ. მესამე მიზნად ელჩმა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა დაასახელა უკანასკნელი არის, რადგან არსებობს ქართველი ხალხის ცხადი არჩევანი, რომ იცხოვრონ დემოკრატიაში, იყვნენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.
ელჩის თქმით, ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა და აშშ-ის საქმიანობის სფერო ამ ძირითად სამ ამოცანასთან და მიზანთან არის დაკავშირებული.
„ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს საქართველოში, დაკავშირებულია ამ სამიდან რომელიმესთან ან ერთდროულად სამივესთან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საუკეთესო დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის ძლიერი დემოკრატია. რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალებში, სანაპირო დაცვასა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა გაქვს მყარი დემოკრატია, გყავს ძლიერი საზოგადოება და ჩვენი შეხედულებით, ეს არის საუკეთესო დაცვა ისეთი ავტოკრატიის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. მე მაქვს ძალიან პოზიტიური მომავლის რწმენა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა საქართველოს პოზიტიური მომავლის და ჩვენი თანამშრომლობის პოზიტიური მომავლის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს წარმატებისთვის მუშაობას, რადგან გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.