ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს.

„გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს - თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დვიწყოთ. NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO.

სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი ასე ვთქვათ განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ.

აღარ მინდა გავაგრძელო, რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, რატომ - თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა NATO და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშა, რომ „ეს მაგალითი გაკვეთილია“ საქართველოსთვისაც. 


„ასეთ ვითარებაში, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40 მლნ ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც.

ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი, როცა ამის დრო იქნება.

ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას.

ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ სიმართლე გითხრათ მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, იმიტომ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ, რომ იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან ბევრი უბედურება ხდება, რაც იცით კარგად ომის გამო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა სამინისტრი გავაგზავნეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.