კოსოვოს შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი არსენალი თურქული კომპანიიას მიერ წარმოებული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონებით შეავსეს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ Facebook-ზე დაწერა. მან ხაზი გაუსვა, რომ „კოსოვო კიდევ უფრო უსაფრთხო“ გახდა.
„ჩვენ შევავსეთ ჩვენი არმიის არსენალი Bayraktar TB2-ის თვითმფრინავებით, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ თურქეთისგან შეიძინა. ამ ორი წლის განმავლობაში არმიის ბიუჯეტი 100%-ზე მეტით გავზარდეთ“, - წერს კოსოვოს პრემიერი.
მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონი შეიძინეს თურქული კომპანიისგან.
Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური, საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. მას კომპანია Baykar-ი აწარმოებს.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.