ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა „მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთის გარეშე გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ.

„რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერიშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს.


ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.