18-19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან.
„შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ძირითადი აქცენტი გაკეთდება წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ასევე საუბარი შეეხება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაკეთებულ ზეპირ ანგარიშზე, სადაც ასახულია საქართველოს პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ასევე აღინიშნება ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე თანახმად, შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. ამასთან ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკაზე.