აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. „ახლა ომის საკვანძო მომენტია,“ - ამბობს ოსტინი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად შექმნილი ჯგუფის შეხვედრებს ხელმძღვანელობს.
მან ომიდან 500-ზე მეტი დღის გასვლის ფონზე, ჯგუფის მე-14 შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გახსნა.
„უკრაინას შეიარაღების საკვანძო სისტემები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ და არ ვაპირებთ გაჩერებას. არავინ შევიდეს შეცდომაში, ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება და უკრაინის დამცველების დახმარებას გავაგრძელებთ, როგორც ეს იყო რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც ომის ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს არ შეუძლია თავისი დამპყრობლური ომის მიზნების მიღწევა.
„უკრაინული კონტრშეტევა საკვანძო მომენტს ნიშნავს ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში ინიციატივა აიღეს”, - განაცხადა ლოინდ ოსტინმა.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.