ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის, დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამხედრო პოლიგონი იწვის, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. 

მისივე ინფორმაციით, დროებითი ევაკუაცია შეეხება კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონთან მდებარე 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს.

აქსიონოვი არ აზუსტებს, რამ გამოიწვია ხანძარი.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით კი, სავარაუდოდ დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ხანძრის გამო დაიკეტა საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“.


პოლიგონი, სადაც ხანძარია, ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ფრონტის ხაზს დიდი მანძილით არის დაშორებული. ნახევარკუნძულის ამ ნაწილშია რუსეთთან დამაკავშირებელი ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა განხორციელდა.

ყირიმის აღმოსავლეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა 18 ივლისსაც. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს უკრაინის „ტერორისტულ შეტევას“.