საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.
„ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას.
და ბოლოს, ვიტყოდი, სამწუხაროა, რა თქმა უნდა და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“ დედაქალაქში, თბილისში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ამავე საუბარში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ „ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი.“ ღარიბაშვილი თქმით, ეს ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა.
„გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას.