პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბელორუსში „მსოფლიოს მეორე არმიის“ შექმნას გეგმავს

„ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა სავარაუდოდ, ბელორუსში სამხედრო დაჯგუფების მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია.“

სავარაუდოდ, ბელორუსში გადაღებულ ვიდეოს „ვაგნერთან“ დაკავშირებული „ტელეგრამ” არხები ავრცელებენ, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი.

ვიდეოში პრიგოჟინი ბელორუსში ჩასულ „ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელორუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან.

„ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელორუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით”, - განაცხადა პრიგოჟინმა.


პრიგოჟინის თქმით, ისინი ბელორუსული არმიისგან „მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნიან.

„ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, და ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ,” - განაცხადა პრიგოჟინმა.