მმართველმა კოალიციამ - ცენტრისტულ-ლიბერალურმა პარტიამ -„ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთი“ (WCC-DB) დღეს დილით ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) წარუდგინა წინადადება, რომლითაც როზენეტის (Rosenets) პორტი ბულგარეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ სოფიაში დაფუძნებული გამოცემა Novinite წერს.
ახლა პორტი, რომელიც ბურგასის სამხრეთით მდებარეობს, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის, ლუკოილის კონტროლის ქვეშაა.
ლუკოილს ნებართვა გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ კიდევ 24 წლით გაუხანგრძლივა.
პროექტი მედიას დღეს სამთავრობო კოალიციაში მყოფი ორი პარტიის თანათავმჯდომარეებმა კირილ პეტკოვმა და ათანას ათანასოვმა წარუდგინეს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პორტზე კონტროლი ბულგარეთის სახელმწიფოსთვის არის საკვანძო და პრინციპში, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ბულგარეთის კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებით ის, რაც საზღვრის გასწვრივ არის," - ამბობენ ინიციატივის ავტორები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პორტის დაბრუნება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას, რომელიც ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მოქმედებს.
„ამგვარად, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შენგენი არის ჩვენი ეროვნული მიზანი,“ - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
„ვინაიდან ბულგარეთის სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი ამ პორტზე, იქ კონტრაბანდა მიედინება. იმპორტირებული ნავთობის დიდი ნაწილი ან გარკვეული ნაწილი არ არის დეკლარირებული ბულგარეთის სახელმწიფოში და რეალიზებული შემოსავლები რუსეთის მხარდასაჭერად, ომში მიდის,“ - განაცხადა თავის მხრივ, ათანას ათანასოვმა.
ცნობისთვის, კირილ პეტკოვი პეტკოვი არის ბულგარელი პოლიტიკოსი, ეკონომისტი და მეწარმე, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე იყო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი. მისი პარტია 2023 წლის აპრილის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 64 ადგილი მოიპოვა.
- 2023-07-17 11:02:00 უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico
ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-5 საყოველთაო არჩევნები ჩატარდა.