თეთრი სახლი: რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადამ ჰოჯიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ადამ ჰოჯიმ.


მანვე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული, რაზეც მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.“