სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უკან წაიღოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას. Europetime-თან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინასთან ერთად მუშაობს, რომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანმა მარცვლეულმა ყველაზე დაუცველ ხალხამდე მიაღწიოს.

იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“

ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში.


„რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია.

2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი.

უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს.


რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს.

„შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს  მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული.

BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით.


რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება.

იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე.

ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა.

„ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: