არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზით დატვირთული ტანკერის მიღებაზე უარი განაცხადა

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზის ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ტანკერი იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო. Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, სერჯიო მასამ, ადგილობრივ ტელეკომპანია C5N-ს განუცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა საწვავის მიწოდება სანქციების გამო დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ არგენტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ აქვს დაწესებული.


„Enarsa-მ ტანკერის მიღება დაბლოკა, რადგან არღვევს ხელშეკრულებას, კომპანია, რომელსაც თხევადი გაზი შემოჰქონდა, სანქცირებულია,“ - განმარტა მასამ ინტერვიუში, თუმცა კომპანია არ დაუსახელებია.

შპს Gunvor Group-ი - სავაჭრო სახლი, რომელმაც მიწოდება უზრუნველყო, განაცხადა, რომ LNG-ის გადაზიდვის პროცედურა კანონიერი და გამჭვირვალე იყო.

„ტრანზაქცია შეესაბამება ყველა მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს“, - განმარტა Gunvor Group-მა.

რუსული წარმოების ტვირთები ბოლოს არგენტინაში 2018 და 2020 წლებში შეიტანეს.