პუტინმა „საკუთარი ტყავის“ გადასარჩენად, პრიგოჟინთან შეთანხმება დადო - MI6-ის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსმა, რიჩარდ მურმა პრაღაში, თავის იშვიათ საჯარო გამოსვლაში პირველად დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ბოსმა, ევგენი პრიგოჟინმა მართლაც დადო შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, რათა დაესრულებინა მისი „მარში“ მოსკოვში, 24 ივნისის წარუმატებელი აჯანყების დროს.

რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ზეწოლას განიცდიდა“ და „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან მოლაპარაკება „საკუთარი ტყავის გადასარჩენად“ მოუწია.

CNN-ის კითხვას, იყო თუ არა პრიგოჟინი „ცოცხალი და ჯანმრთელი", მურმა უპასუხა, რომ მისი სააგენტოს შეფასებით, „ვაგნერის“ ლიდერი ჯერ კიდევ „დინებას მიჰყვება.“


მურმა აღნიშნა, რომ რთული იყო დასკვნის გამოტანა თავად „ვაგნერის,“ როგორც დაქირავებული ჯგუფის ბედზე, მაგრამ ისინი „სავარაუდოდ, არ არიან „დასაქმებულები“ უკრაინაში“ და „როგორც ჩანს, მათი ნაწილები ბელორუსში ჩავიდნენ.

ბრიტანელი მაღალჩინოსანი პეკინის თემასაც შეეხო. მურის შეფასებით, ჩინეთი კრემლის მეთაურის მუდმივი მხარდაჭერის გამო „აბსოლუტური თანამონაწილეა ამ შეჭრაში." მანვე აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერამ რუსეთისადმი, მის მაღალჩინოსნებში განხეთქილება გამოიწვია.

„ირანს აშკარად სურს ამ სიტუაციიდან, რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაოს,“ - აღნიშნა MI6-ის ხელმძღვანელმა.

რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა. რუსეთი ირანული წარმოების დრონებს იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის. რაც შეეხება ჩინეთს, მას რუსეთის შეჭრა არ დაუგმია.