ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელი პუტინზე, რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე

ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსმა, რიჩარდ მურმა პრაღაში, თავის იშვიათ საჯარო გამოსვლაში ისაუბა ვლადიმერ პუტინზე, ევგენი პრიგოჟინზე და მათ შორის მიღწეულ გარიგებაზე. ჩეხეთის დედაქალაქში ყოფნისას მან ასევე განიხილა ჩინეთის, ირანის და სხვა საკითხები, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი აქტუალურობას სძენს.

მურმა დასავლეთის ამ რანგის ოფიციალურ პირთაგან პირველმა დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ბოსმა, ევგენი პრიგოჟინმა მართლაც დადო შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, რათა დაესრულებინა მისი „მარში“ მოსკოვში, 24 ივნისის წარუმატებელი აჯანყების დროს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა პრიგოჟინის ადგილსამყოფელსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, CNN-ის კითხვას, იყო თუ არა პრიგოჟინი „ცოცხალი და ჯანმრთელი", მურმა უპასუხა, რომ მისი სააგენტოს შეფასებით, „ვაგნერის“ ლიდერი ჯერ კიდევ „დინებას მიჰყვება.“


მურმა აღნიშნა, რომ რთული იყო დასკვნის გამოტანა თავად „ვაგნერის,„ როგორც დაქირავებული ჯგუფის ბედზე, მაგრამ ისინი „როგორც ჩანს, არ არიან დაკავებულები უკრაინაში“ და „როგორც ჩანს, მათი ნაწილები ბელორუსში ჩავიდნენ.

მურის შეფასებით, ჩინეთი კრემლის მეთაურის მუდმივი მხარდაჭერის გამო „აბსოლუტური თანამონაწილეა ამ შეჭრაში." მანვე აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერამ რუსეთისადმი, მის მაღალჩინოსნებში განხეთქილება გამოიწვია.

„ირანს აშკარად სურს ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაოს,“ - აღნიშნა MI6-ის ხელმძღვანელმა.

რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა. რუსეთი ირანული წარმოების დრონებს იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის. რაც შეეხება ჩინეთს, მას რუსეთის შეჭრა არ დაუგმია.