პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

მიისვე თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები.

„პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 „დამდები“, რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.

დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეთადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინის“ და ,,მდმას“ საქართველოში შემოტანას.


ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები“.