ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ყოველწლიურად, 5 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავს

დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მოცულობის წლიური სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა განიხილეს.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ სპეციალური განყოფილების შექმნას ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს წელიწადში 5 მილიარდ ევროს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ,უკრაინის თავდაცვის საჭიროებისთვის,“ -  აღნიშნა ბორელმა.


მანვე აღნიშნა, რომ ევროპელმა მინისტრებმა ამ წინადადებაზე აზრები დღეს გაცვალეს. საკითხი კი, დეტალურად განიხილება აგვისტოს ბოლოს ტოლედოში, ესპანეთში, არაფორმალურ მინისტერიალზე.