სინოდი: მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას

11 თებერვლის სინოდის სხდომამ ეპისკოპოს პეტრეე ცაავას საკითხი განიხილა.

როგორც დღეს გამოქვეყნებულ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას."

"წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას" - აღნიშნულია განჩინებაში.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, მას შემდეგ რაც მან პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში დაადანაშაულა”. მის შემცვლელად ჭყონდიდის ეპარქიაში დროებით გაამწესეს გრიგოლ კაცია, თეოლოგების შეფასებით, „ღიად პრორუსული და პუტინის მადიდებელი“ ეპოსკოპოსი. დასჯილ პეტრე ცაავას მონანიებისთვის ადგილი შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს, სადაც არ წასულა.

11 თებერვლის სინოდის სხდომაზე გრიგოლ კაციამ ითხოვა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლება, რაც დააკმაყოფილეს და ის წალკის ეპარქიის მმართველად გაამწესეს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა, რომელიც ამავდროულად ითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას.

სინოდი ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოა, რომლის შეკრების გადაწყვეტილებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი თანამოსაყრდე წყვეტს. სინოდის სხდომაზე 11 თებერვალს ასევე განიხილეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დასაშვებობის, დავით-გარეჯის, პარტია გირჩის "ბიბლიური თავისუფლების წევრების" მღვდელმსახურებაში ჩართვის საკითხები.