რუსული Tinkoff Bank-ის UnionPay-ს ბარათებს სანქციების გამო, საზღვარგარეთ ვეღარ გამოიყენებენ

რუსული Tinkoff Bank-ის UnionPay ბარათებს მალე საზღვარგარეთ ვეღარ გამოიყენებენ. 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ეს ბანკი აშშ-ისა და კანადის სანქციების ქვეშ მოექცა.

ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში Tinkoff Bank-მა განმარტა, რომ ბარათები საზღვარგარეთ ფუნქციონირებას 21 ივლისიდან შეწყვეტენ.

„უახლოეს მომავალში ჩვენ შევწყვეტთ UnionPay ბარათების გაცემას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან მალევე, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს. ამის გამო მათმა ბარათებმა საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტეს. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, საზღვარგარეთ Mir-ის და UnionPay-ს გადახდის სისტემების ბარათები გამოიყენონ. რუსული მედიის თანახმად, ბანკებმა მათზე მოთხოვნის გაზრდის შესახებ მიუთითეს.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები.

მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი.

სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი.


შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა".რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს რულმასშტაბიან ომს.  მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.