ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, „მოაქვს ომი და არა მშვიდობა," შესაბამისად, სამხედრო სამიზნეა.

„უკრაინის მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რაიმე პატარა ლოგისტიკური გზა არ არის. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, უნდა „განეიტრალდეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა წინა შეფასება, რომ კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მას ისურვებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინა უკან არ იხევს.“

„ის თანდათან ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შესაბამისმა ქმედებებმა შეიძლება, კონტრშეტევის ტემპი გაზარდოს. მესმის, რომ უკეთესია დავინახოთ, რომ გამარჯვება უფრო ადრე მოვა. ეს არის ის, რაც ჩვენც გვინდა," - აღნიშნა ზელენსკიმ.


ასევე წაიკითხეთ:

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.