უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი ლეგიტიმურად არის სამიზნე, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იყოს. ზელენსკი ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეო ბმულით ჩაერთო.
„უკრაინის მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რაიმე პატარა ლოგისტიკური გზა არ არის. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.