ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია.
„ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.