რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი უკრაინაში დაიღუპა

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.

სააგენტო წერს, რომ ჟურნალისტი დაიღუპა „უკრაინული დაბომბვის დროს“, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ.

ამავე წყაროს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ჭურვებით განხორციელებულ იერიშში მოყვა რუსეთის რამდენიმე ჟურნალისტი. დაიღუპა „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.


რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი, რომან პოლშაკოვი და ოპერატორი, დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ომს ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი ემსხვერპლა. მათ შორის, ვერა გირიჩი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი, გასული წლის აპრილში კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

უკრაინელი ფოტოგრაფი, მაქსიმ ლევინი რუსმა ჯარისკაცებმა შარშან მოკლეს. ხოლო რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა კიევის დაბომბვისას დაიღუპა.