შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის 522.6 მილიონი ევროს (581 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. თანხები მოხმარდება უკრაინაში რეკონსტრუქციისა და რეფორმების შესახებ სტრატეგიას, რომელიც 2023-2027 წლებში უნდა განხორციელდეს.
ამის შესახებ შედეთში საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა 21 ივლუსს, უკრაინის ეკონომიკის მინისტრ, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინული მხარის განმარტებით, ეს არის ყველაზე დიდი დაფინანსება შვედეთის ისტორიაში და უკრაინა გახდა მისი მიმღები.
შვედეთის მიერ გაღებული თანხები ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, მწვანე განვითარების, სამეწარმეო, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ინიციატივების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.
რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.