რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.

„რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი... რუსულ ბოროტების გამართლება შეუძლებელია. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება დამარცხდება. და ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას.

ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ. აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი, რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.