უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამიზნეებზე დარტყმისას, რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს ძირი გამოუთხარა. ამის შეახებ უკრაინული მედიის ცნობით, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.
ორგანიზაციის ანალიტიკოსები წერენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევით ოპერაციებს ფრონტის სულ ცოტა სამ მონაკვეთზე.
ასევე ISW-ის დაკვირვებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კუპიანსკ-სვატოვო-კრემენნაიას ხაზისა და ბახმუტის რაიონში, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
რაც შეეხება დონეცკის დასავლეთ ნაწილსა და ზაპოროჟიას რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს შორის საზღვრის გასწვრივ და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით ოპერაციას, აქ უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ვერ წაიწიეს წინ.
რუსეთის ჯარებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს კუპიანსკის, ბახმუტის მიდამოებში და ავდეევკა-დონეცკის ხაზზე. დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით რუსების წინსვლის მტკიცებულება არ არსებობს.
ამასთან, ISW ციტირებს უკრაინის გენერალური შტაბის სარაკეტო ძალებისა და საარტილერიო და უპილოტო სისტემების მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ სერჰი ბარანოვის სიტყვებს, რომ რუსული დანაკარგების 90%-მდე მოდის უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმებზე.
მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს შორი მანძილის "ცეცხლოვანი მუშტის" შექმნა, რის გამოც რუსეთის ჯარებს აღარ შეუძლიათ ეფექტიანი კონტრ-ბატარეული ცეცხლის წარმოება.