ლუკაშენკო პოლონეთს „ვაგნერელებით“ ემუქრება: მათ დასავლეთში, „ექსკურსიაზე წასვლა“ სურთ

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს „დასავლეთში, ექსკურსიაზე წასვლა სურთ."

ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელორუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს.

„შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა. როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელორუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული.


რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.