პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი ბელორუსის წინააღმდეგ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება.

პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც.

„სავარაუდოდ, პოლონელი ლიდერები NATO-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას ეყრდნობიან, რათა უშუალოდ ჩაერთონ უკრაინის კონფლიქტში იმ მიზნით, რომ საკუთარი თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მოწყვიტონ.

დაიბრუნონ თავიანთი ისტორიული მიწები, როგორც ფიქრობენ, ამჟამად დასავლეთ უკრაინაში. ცნობილია, რომ ისინი ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. რაც შეეხება უკრაინის რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. მათ თუ უნდათ, უღალატონ თავიანთ ქვეყანას და გაყიდონ რაღაცები, როგორც ამას ყველა მოღალატე აკეთებს, რათა გადაუხადონ პატრონებს, ეს მათი საქმეა.

ჩვენ არ ჩავერევით. რაც შეეხება ბელორუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია. ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით,“ – აღნიშნა პუტინმა.


რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.