ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიშისას, ოდესაში საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კვირას ღამით ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობაც დაზიანდა. ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 2 დღის წინ, 20 ივლისს, ოდესაზე თავდასხმის დროს, ჩინეთის გენერალური საკონსულო დაზიანდა.

„მხოლოდ ამ ღამით ოდესაში დაზიანდა თითქმის 50 სახლი, მათგან 25 არქიტექტურის ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკოს მფარველობაშია. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც. ეს უკვე მეორე საკონსულო დაწესებულებაა, რომელიც რუსული ტერორით დაზარალდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.