ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონი ევროა

ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (VGT) სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ლეიტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა წარადგინა, ითვალისწინებს არამხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, არამედ დახმარების ახალი და უკვე შეძენილი დახმარების გადაცემასაც. ასევე გათვალისწინებულია ლიეტუვაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება-რეაბილიტაცია.

თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განმარტავენ, რომ უკრაინის არმიის 2024-2026 წლების მხარდაჭერის გეგმაში გათვალისწინებულია დაახლოებით 200 მილიონი ევროს ბიუჯეტი. მხარდაჭერის ძირითადი სფეროები მოიცავს ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობების შეძენას, სამხედრო წვრთნას, ფინანსურ შენატანებს, სამხედრო ტექნიკის შეკეთებას ლიეტუვაში და პერსონალის მომზადებას.


ივნისის ბოლოს ლიეტუვამ უკრაინას NASAMS-ის ტიპის ორი სისტემა, M113-ის ტიპის 10 ჯავშანტრანსპორტიორი და საბრძოლო მასალა გაუგზავნა, რის შემდეგაც ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის გაღებული სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ 0,5 მილიარდ ევროს მიაღწია.