IAEA-ს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმები აღმოაჩინეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. იუწყება Reuters-ი.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ქარხანაში განლაგებულმა სააგენტოს ინსპექტორებმა სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში ნაღმები  შენიშნეს. ეს ის ადგილია, რომელზეც სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ. გროსის ინფორმაციით, სააგენტოს გუნდმა ეს საკითხი განიხილა სადგურის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს და ეხება ზონას, რომელსაც სწორედ ისინი აკონტროლებენ.

მისივე განცხადებით, ობიექტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ეწინააღმდეგება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს და ბირთვული უსაფრთხოების წესებს და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმნის.

სააგენტოს ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, სადგურის პერიმეტრზე არსებული ნაღმების შესაძლო დეტონაციას გავლენა არ ექნება ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებაზე.


გროსიმ სამჯერ მოინახულა ქარხანა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ძალებმა აიღეს.