ესტონეთი აფრიკაში სამხედროებს გაგზავნის

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფრიკის სახელმწიფო ნიგერიში ხუთამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გულისხმობს. მიზანი ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUMPM Niger) მონაწილეობაა. ამის შესახებ ERR იუწყება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისიაში მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული ჯგუფების უფრო ეფექტიანად შეკავებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას, მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა ხაზი გაუსვას თავის წვლილს იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმაში. (კომპასი - თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების სამოქმედო გეგმა)


მისივე თანახმად, „EUMPM ნიგერი შეიძლება, იყოს ერთადერთი ფორმატი, რომლითაც ესტონეთი შეძლებს საფრანგეთთან ოპერატიული თანამშრომლობის შენარჩუნებას აფრიკაში უახლოეს მომავალში.“