აუდიტის სამსახური: ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით დაავადებული, გადამდები პაციენტებისთვის, არანებაყოფოლობითი იზოლაცია აუცილებელია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ტუბერკულიოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზე, ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აუდიტის სამსახური შესაბამის სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციას აძლევს ტუბერკულოზის მძიმე ფორმის მქონე, ინფექციის გამომყოფი (გადამდები) პაციენტებისთვის არანებაყოფლობითი იზოლაციაში გადაყვანის და მკურნალობის კონტროლის მექანიზმის შექმნის შესახებ.

სახლემწიფო ადუტის სამსახურის შეფასებით, მკურნალობის დროს გამოყენებული დამხმარე მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირება ხელს უწყობს მკურნალობა შეწყვეტილი პაციენტების რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, სოციალურ და ფინანსურ გავლენაშიც აისახება. შესწავლილი 31 პაციენტის შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ 371,405 ლარით მეტი ხარჯი გასწია.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, 2016-2019 წლებში ყველაზე რთული ფორმის - ექსტენსიურად რეზისტენტული (XDR-TB) ტუბერკულოზიანი 181 პაციენტიდან 69%-ს (125 პაციენტი) მგბ(+) ფორმა, ანუ გამომყოფი ფორმის ტუბერკულოზი ჰქონდა.

აღნიშნული 125 პაციენტიდან 17-მა პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობის რეჟიმი, რომელთაგან 6 პაციენტი შეწყვეტის მომენტში, ისევე ტუბერკულოზის გადადების რისკის მატარებელი იყო.

„მიუხედავად ამისა, მათ მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის მექანიზმი არ გამოყენებულა. ამგვარი შემთხვევებიდან საზოგადოებისთვის მიყენებული პოტენციური ზარალის შეფასება რთულია, თუმცა არსებითი შეიძლება იყოს როგორც შინაარსობრივად, ასევე ფინანსურად. არანებაყოფლობითი იზოლაცია, როგორც საფრთხის თავიდან არიდებისთვის საჭირო უკანასკნელი მეთოდი, მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჯანმოს მიერ არის აღიარებული. „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ტუბერკულოზის ეფექტიანი კონტროლის გზით ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონი მოსალოდნელი საფრთხისთავიდან აცილების მიზნისთვის ერთ-ერთ მექანიზმად არანებაყოფლობით იზოლაციას განიხილავს.

ამ მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში, როდესაც როგორც სიკვდილიანობის, ასევე მკურნალობის ხანგრძლივობის, გვერდითი მოვლენებისა და შესაბამისი ფორმის ტუბერკულოზის გადადების განსაკუთრებით მაღალი რისკია.

არანებაყოფლობითი იზოლაცია არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ანგარიშის თანახმად, .ქვეყანაში არ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის, როგორც საფრთხიდან თავის არიდების უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დაშვებული მეთოდის გამოყენების საჭიროება იყო, მისი პრეცედენტი არ დამდგარა.

„პაციენტების მკურნალობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევისთვის მნიშვნელოვანი არასამედიცინო პერსონალი (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი) არ არის ხელმისაწვდომი რეგიონებში. მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი სრული სერვისის მიღება. ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს დამყოლობის სამსახურის ერთიანი სისტემა, რაც მუშაობის განსხვავებულ მიდგომებს განაპირობებს. მხოლოდ თბილისში 2019 წლიდან დაიწყო ჩატარებული დამყოლობის კონსულტაციების ერთიანი ბაზის წარმოება. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯისა, მნიშვნელოვანია, ბაზის სტრუქტურა იძლეოდეს პაციენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამყოლობის კონსულტანტებისთვის განსაზღვრული უნიფიცირებული მიდგომები.

ჯანმოს მიერ რეკომენდებული პირობები, რომლებიც აუცილებელია არანებაყოფლობითი იზოლაციის დასაკომპენსირებლად, არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენებისას აუცილებელია სრულდებოდეს შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს აუცილებელი საჭიროება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 2. დასაბუთებული უნდა იყოს არანებაყოფლობითი იზოლაციის ეფექტიანობა. 3. პაციენტისთვის სათანადოდ უნდა იყოს განმარტებული მოსალოდნელი რისკისა და არანებაყოფლობითი იზოლაციის აუცილებლობის შესახებ. 4. პაციენტის უარი სხვებს რისკს უნდა უქმნიდეს. 5. გამოყენებული უნდა იყოს ყველა სხვა ნაკლებად შემზღუდავი მექანიზმი.6. უნდა იყოს დაცული ყველა ადამიანის ძირითადი უფლება, გარდა გადაადგილების თავისუფლებისა. 7. პროცესის განმავლობაში უნდა იყოს გასაჩივრების ყველა მექანიზმი უზრუნველყოფილი. 8. პაციენტს უნდა დაუკმაყოფილდეს პირველადი საჭიროების მოთხოვნები.9. იზოლაციის პერიოდად უნდა განისაზღვროს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მინიმალურიდრო

საქართველოში ეპიდზედამხედველობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ ფუნქციონირებს. ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს არ აქვს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც განხორციელდება: ეპიდკვლევის ჩატარების დროულობის კონტროლი და ეპიდკვლევის ჩატარების შემდეგ, გამოკვლეული კონტაქტის ექიმთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

დაავადების ადრეული აღმოჩენისათვის, ეპიდკვლევის დროულობასთან ერთად აუცილებელია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების სათანადო მოცვა, რაც ერთ ინდექს-პაციენტზე ჩატარებული ეპიდკვლევის გარკვეულ რაოდენობას გულისხმობს. ქვეყნის მასშტაბით ერთ ინდექს-პაციენტზე გამოკვლეული კონტაქტების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ინფიცირების შემთხვევების ოპტიმალური რაოდენობის გამოვლენა“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში.