კობახიძე ბათუმში საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებულ აქციაზე: რაც ვიხილეთ, უბრალოდ ქაჯობაა

საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე საუბრისას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლიმ კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, მშვიდობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად.

კითხვას, რას აპირებს ხელისუფლება, როდესაც საზოგადოების ნაწილში არსებობს აღქმები იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მაამებლურ პოლიტიკას ეწევა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ უახლოეს წარსულში საქართველოსთვის შექმნილ ყველა პრობლემაში, აგრესორ რუსეთს ხელს უწყობდა საქართველოს წარმომადგენლების „ქაჯური“ პოლიტიკა.

„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, რუსეთი იყო აგრესორი, იგივე 90-იან წლებში, 2008 წელს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.

სწორედ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველაფერთან ერთად - ავტოკრატიასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან, ადამიანების წამებასთან ერთად. დღეს, იგივე ადამიანები ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა ოპოზიციის რიგებიდან დააბრუნონ და ამით შეუქმნან საქართველოს პრობლემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, რაციონალური, სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”.


ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

„გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.

 
აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
 
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.