საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

  • აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.

IPN-ის ცნობით, ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა."


აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.


ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

„გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.

 
აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
 
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.