ჩეხეთმა რუსი ჩოგბურთელი პრაღის საერთაშორისო ტურნირზე არ დაუშვა

ჩეხეთმა რუს ჩოგბურთელ, ანასტასია პავლიუჩენკოვას ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. პავლიუჩენკოვამ გამოაქვეყნა WTA-ს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრაღამ უარი განაცხადა ზოგიერთი ჩოგბურთელის ჩეხეთში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციამ მათ ნეიტრალური სტატუსით ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მისცა.

„მომავალ კვირას პრაღაში გამოსვლას ვერ შევძლებ. ახლა ვაგრძელებ ამერიკული ტურნირების სერიისთვის მომზადებას. გნახავთ ცინცინატში და აშშ-ის ღია პირველობაზე", - წერს სპორტსმენი სოციალური ქსელის საშუალებით.


უფრო ადრე ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული გვარის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ რუსი ჩოგბურთელი პრაღაში გამართულ შეჯიბრზე ვერ მოხვდებოდა.

ჩეხეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს ჩეხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა.