სახალხო დამცველის აპარატმა ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2023 წლის 24 მარტს და 1-2 მაისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაატარეს. მომზადებული ანგარიში მიმოიხილავს ქალი პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით არსებულ მდგომარეობას და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასებას.

ანგარიშის თანახამად, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ N5 დაწესებულებაში დაცულია სისუფთავე, საკნები უზრუნველყოფილია ინვენტარით, სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, ასევე ცენტრალური გათბობის სისტემებით. საკნებში დაცულია მინიმალურ ფართთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება დაწესებულებაში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა და უწყვეტი წყალმომარაგება.

N5 დაწესებულებაში, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებთან შედარებით, მეტი სარეაბილიტაციო აქტივობაა. ასევე, მიმდინარეობს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი. მიუხედავად ამისა, N5 დაწესებულებაში კვლავ არ არის საკმარისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.


მონიტორინგის ვიზიტებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს არ მიუღიათ ინფორმაცია დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ. ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის ცალკეული ფაქტების შესახებ. ასევე, გაირკვა, რომ N5 დაწესებულებაში პერიოდულად ადგილი აქვს პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევებს.

„აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში სათანადოდ არ ხდება პატიმართა ინფორმირება უფლება-მოვალეობების შესახებ. როგორც ქართულად მოსაუბრე, ასევე უცხოენოვან პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ განახლებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს, საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს.

სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა.

ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის,“ წერია დასკვნაში.


ვიზიტის დროს მიმდინარე მონიტორინგზე დაყრდნობით აპარატი წერს, რომ დაწესებულებას ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდება სასმელი წყალი.

„აღნიშნულის გამო, პატიმრები და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებულნი არიან, წყლის მარაგი შეინახონ სხვადასხვა სახის ჭურჭლით. პატიმართა გადმოცემით, არის შემთხვევები, როდესაც შხაპის მიღების დროს მოულოდნელად წყალი წყდება და ასეთ შემთხვევაში, მათ ჭურჭელში შენახული ცივი წყლით უწევთ ბანაობის გაგრძელება. პატიმრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დახურული ტიპის საცხოვრებელ კორპუსში შხაპის მიღების უფლება ეძლევათ მხოლოდ კვირაში ორჯერ და ისიც ერთ ჯერზე არაუმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობით. დაწესებულების დახურულ ნაწილში მყოფი პატიმრები ითხოვენ აღნიშნული დროის გონივრული ვადით გაზრდას, ვინაიდან, მათი განმარტებით, 20 წუთში ისინი სრულყოფილად ვერ ასწრებენ დაბანას და მოწესრიგებას. დახურულ ნაწილში მყოფი პატიმარი ქალები, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე ითხოვენ საშხაპეში ყოველდღიური დაბანის შესაძლებლობის მიცემას.

№5 დაწესებულებაში დასამონტაჟებელია სარეზერვო ავზები, რაც ქსელურად წყლის შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოფს N5 დაწესებულებისთვის საჭირო ოდენობით წყლის მიწოდებას,“ - ნათქვამია ანგარიშში.


გარდა ამისა, „სამედიცინო მომსახურების საკითხის შემოწმებისას დადგინდა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გეგმური სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში პაციენტთა დროული გადაყვანა. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგს არ აქვს რეგულარული ხასიათი და ის მხოლოდ დაწესებულებაში პატიმრების პირველადი მოთავსებისას, ერთჯერადად ტარდება. ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციული მიდგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული გამოვლენისა და მართვისთვის.“

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს სათანადო ყურადღება დაეთმობა და შესაბამისი ზომების მიღებით, N5 დაწესებულებაში ქალ პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესდება.