ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეების ჩართვას აპირებენ

ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მოსახლეობის ჩართვას აპირებენ. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება WeChat-ში.

კონტრდაზვერვა მოითხოვს არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების მუშაობას, არამედ, მოსახლეობის ფართო მონაწილეობას „ჯაშუშობის საწინააღმდეგო ხაზის გაძლიერების მიზნით“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


სამინისტროს წინადადება გულისხმობს „იმ პირებისა და ორგანიზაციების აღნიშვნას და დაჯილდოებას, რომლებიც აცხადებენ ჯაშუშობის შესახებ ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონტრდაზვერვის მუშაობაში“. გარდა ამისა, უწყება დაჟინებით მოითხოვს სკოლებში, კულტურის დაწესებულებებში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში „კონტრჯაშუშობის“ პროპაგანდის აუცილებლობას.

ასევე „აუცილებელია ხელახლა შეიქმნას არხები, რომლებითაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეეძლებათ შეტყობინება ქცევის შესახებ, რომელიც მუქარას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნავს სამინისტრო.


ამ ყველაფერმა, უწყების ჩანაფიქრით, უნდა მოახდინოს მოსახლეობის „ანტიჯაშუშურ“ მუშაობაში მონაწილეობის ნორმალიზება.

თავისი წინადადება სამინისტრომ გამოაქვეყნა „ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის“ შესაბამისად, რომელიც ჩინეთში 1 ივლისს ამოქმედდა. კანონის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო, არმია, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საწარმოები და დაწესებულებები „ვალდებული არიან თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ჯაშუშობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჩინეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში და მთავრობებისა და კორპორაციების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში. თავის მხრივ, ჩინეთი ასევე აცხადებს, რომ აშშ ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებს ჩინეთის უნივერსიტეტებისა და კომპანიების კომპიუტერების წინააღმდეგ.