აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ფონზე, რომ ევროპა და დასავლეთი სეპარატიზმთან ბრძოლაში გაერთიანდნენ, მსგავსი მიდგომა აზერბაიჯანის მაგალითზეც უნდა მოქმედებდეს. ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე არ აქვს პრეტენზია და პირობას დებს, რომ „სეპარატიზმს არ შეეგუება.“
„სომხეთზე ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ. ადამიანები ყარაბაღში - იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა დროებით „რუსი სამშვიდობოები“ აკონტროლებენ, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მათ უნდა აირჩიონ, იცხოვრონ აზერბაიჯანის მოქალაქეებად.
როგორ შეუძლიათ, ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ, როგორც სომხეთის მოქალაქეებმა, ყოველგვარი კანონიერი ნებართვის გარეშე, ან როგორც ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ მოქალაქემ, რომელიც არავის მიერ არ არის აღიარებული?
ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური მიდგომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ეს შეესაბამება პრაქტიკას, რასაც ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ასევე ებრძვიან სეპარატიზმს.
ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ გაერთიანდნენ ევროპა და დასავლეთი, რათა დაეხმარონ უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში. და რატომ განიხილება ჩვენს შემთხვევაში სეპარატიზმთან ბრძოლა სხვანაირად? სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა რატომ არის გასაგები დასავლური საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ დგას ჩვენი იგივე ლეგიტიმური სურვილი, დავასრულოთ სეპარატიზმი? რატომ უნდა შევეგუოთ სეპარატიზმს? ჩვენ ამას არ შევეგუებით.“
ალიევმა განაცხადა, რომ „ომის მოგება“ მისი პოლიტიკური ცხოვრების მისია იყო.
„ჩვენ აღვადგინეთ სამართლიანობა და აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენს მიწაზე. სომხურ მიწაზე არ გვიბრძოლია, და გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს იყო ნომერ პირველი მისია, რომელიც შესრულდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც განიცადა ოცდაათწლიანი ოკუპაცია, მისი ტერიტორია, რომელიც ოკუპაციის ქვეშ იყო, მთლიანად დანგრეულია.
ყველა ქალაქი არ არის დანგრეული. ფუზული მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული, აღდამიც ანალოგიურად. თითქმის მილიონმა აზერბაიჯანელმა სახლი დატოვა. ასე რომ, მიუხედავად ამ ტკივილისა, ჩვენ არ ვიძიეთ შური.
მე ვთქვი, რომ შურს ვიძიებთ ბრძოლის ველზე, მაგრამ როგორც კი სომხეთმა მოგვცა პირობა, რომ გაიყვანდა მის ძალებს ყველა ტერიტორიიდან, რასაც ომის პირველივე დღიდან მოვითხოვდით, შევჩერდით და შემდეგ დავიწყეთ მშვიდობაზე საუბარი. ახლა მშვიდობა ჩვენს დღის წესრიგშია. თუ სომხეთს მშვიდობა უნდა, ჩვენ მას მივაღწევთ,“ აღნიშნა ალიევმა.
აშშ აზერბაიჯანთან და სომხეთთან სხვადასხვა დონეზე ჩართულობას გააგრძელებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პირველ აგვისტოს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.