მედიის ცნობით, ოკუპირებული გალის მცხოვრების გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარებასთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობა. წყაროს ცნობით, დაკავებულის დაკითხვა ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარეობს და ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს.


შვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, გაუჩინარებულის დედამ Facebook-ზე დაწერა, რომ „მისი შვილი ცოცხალია და ბიჭი, რომელმაც ის მოიტაცა, დაკავებულია." რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, დედას არ დაუკონკრეტებია.

ოკუპირებული გალის მცხოვრები (ნ.ბ) 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. ქიშმარია გაუჩინარებული გოგოს დედას პირველ აგვისტოს შეხვდა და განუცხადა რომ კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც ყველა ზომას მიმართავენ ახალგაზრდის მოსაძებნად.