კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მზადაა, დაუბრუნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სადამკვირვებლო მისიის განლაგების საკითხის განხილვას და ორგანიზაცია ერევნის პასუხს ელოდება. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორ, მიქაელ აღასანდიანის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ ველოდებით ერევნის პოზიტიურ პასუხს და მზად ვართ, განვაახლოთ არსებითი მუშაობა სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში CSTO-ს სადამკვირვებლო მისიის გაფართოების წინადადებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების მიმართულებით ჩვენი მოკავშირის დასახმარებლად,“ - განაცხადა აღასანდიანმა.
CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.