ოკუპირებულ აფხაზეთში, გალიდან გაუჩინარებული ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ. მისი მკვლელობის ფაქტი დღეს, 3 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა „პროკურატურამ“ დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულია ოჩამჩირის მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული აინარ წვიჟბა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის 28 ივლისს, წვიჟბამ ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილში მოკლა. მკვლელობის მოტივი დაკონკრეტებული არ არის.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პროკურატურის“ ცნობით, ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ გვამი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი 3-თან. „ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მოკლული ბახტაძის გვამის აღმოსაჩენად,“ - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.
ეჭვმიტანილს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.