დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. ეს მუხლებია:
- შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს.
- შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება.
- შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ.
- საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა.
დონალდ ტრამპი ფორმალურად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მესამედ დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს.
პროცესი 28 აგვისტოსაა ჩანიშნული.
„ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის,“- აღნიშნა ტრამპმა, რომელმაც სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა.
ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტრამპს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალათ, რამაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი გამოიწვია
გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.