ლიეტუვამ ქვეყანაში მცხოვრები რუსეთისა და ბელორუსის ათასზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა და განაცხადა, რომ მათ მუდმივი ბინადრობის ნებართვას ართმევს. კერძოდ, ლიეტუვის შეფასებით, ქვეყანაში მცხოვრები ბელორუსის და რუსეთის 1,164 მოქალაქე საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მიგრაციის დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასებას.
უწყების თქმით, მათგან 910 ბელორუსის, ხოლო 254 - რუსეთის მოქალაქეა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ რუსებს და ბელორუსებს სთხოვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ყირიმის სტატუსის შესახებ კითხვარს უპასუხონ.
ბალტიისპირეთის ქვეყანა ლიეტუვამ თავისი დამოუკიდებლობა 30 წელზე მეტი ხნის წინ გამოაცხადა. ლიეტუვა ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. ეს ქვეყანა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კიევის ძლიერი მხარდამჭერია.