დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული სადესანტო ხომალდის დაზიანება სერიოზული დარტყმაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ დიდი სადესანტო ხომალდის - „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზული დარტყმაა წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის.

„რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის იყო გაგზავნილი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთები გადაჰქონდა, - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის, 4 აგვისტოს „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

წყაროებისვე ცნობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. მისივე ცნობით, 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა.

წყარო ამბობს, რომ დაზიანების გამო, გემი საბრძოლო ამოცანების შესრულებას ვეღარ შეძლებს.


4 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა სცადეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს.

„უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ განუმარტა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ, სიყალბეა.