უკრაინამ შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა.

საუბარია ანაპის, გელენჯიკის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს, სოჭის და ტამანის პორტებზე.

კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად.“

საპასუხოდ კი, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინის მიერ არაკონტროლირებად პორტებში მიემგზავრება, სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება.


შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.