აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე რუსეთი კვლავ უარს აცხადებს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.
მისი ვრცელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.
„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებსა და დევნილებს.
ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. "ბორდერიზაცია" და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით.
შეერთებული შტატები კვლავ მოწადინებულია, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას.
რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება.
თხუთმეტი წლის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ მტკიცე სურვილს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ,“ – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.