საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს. Europetime გთავაზობთ იმ განცხადებებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება ომის მე-15 წლისთავზე საქართველოს მხარდასაჭერად ავრცელებს.
„რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს," - წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მოცემულ ვიდეოს Facebook-ზე ავრცელებს.
„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეები ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ, ბევრი ადამიანი დევნილად იქცა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათთვის, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს განიცდის,“ - წერს თავის მხრივ, ეუთოში აშშ-ის მისია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ვიდეოს უძღვნის.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/„სამხრეთ ოსეთი“ კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე გავრცელებული განცხადებით, NATO-ს წევრი ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
ტალინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავი აღინიშნება. ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას," - აღნიშნულია განცხადებაში.
ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყანა და NATO-ს წევრი ლატვია ასევე გმობს „რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.“
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყება.
საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს დანიაც. კოპენჰაგენი გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალში/ე.წ.სამხრეთ ოსეთში.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.“
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი შეიერაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მე-15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ბურიჩის თქმით, ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/.ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში. მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავ სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო, რომლის მომსწრეც ვიყავი ამ მხარეში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, 3 ივლისს.
როგორც სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების შექმნას," - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია.
„ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს. ამ კუთხით, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების მოგვარებაში, ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგს და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ღონისძიებების პროგრამის მეშვეობით," - აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს შემდეგ განცხადებას:
„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია," - აღნიშნავს შარლ მიშელი.
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებს სლოვენია.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“
„საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას და კონსტრუქციული ჩართულობის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის,“ - აღნიშნულია თავის მხრივ, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუმინეთი
„საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავი წარმოადგენს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა აცხადებს, რომ 15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე. კოლონას თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს.“
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტრადოციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.