ISW-ს შეფასებით, საუდის არაბეთის სამიტმა ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა.

შეფასებაში მოყვანილია Financial Times-ის ცნობა, რომ შეხვედრაზე ჩინეთის წარმომადგენლები „კონსტრუქციულები“ იყვნენ და „იმის დადასტურებას ცდილობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთი არ არის.“


ამავე გამოცემას ასევე მოჰყავს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატის სიტყვები, რომლის განცხადებით, „ის რომ, ჩინეთი ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, ადასტურებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებული ხდება.“

მედია აწევე წერს, რომ ჩინეთის დელეგაციამ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზაობა გამოთქვა, რომელზეც, დიდი ალბათობით, რუსეთი მიწვეული ისევ არ იქნება.

5-6 აგვისტოს, საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომლის დროსაც 42 ქვეყნის წარმომადგენლები ომის მშვიდობიანად დასრულების გზებს განიხილავდნენ.