ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის (FNTT) ცნობით, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო, ქვეყანაში გაყინული აქტივების მთლიანმა რაოდენობამ 103 მილიონ ევროს მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსული კომპანიების ანგარიშებზე გაყინული თანხების ჯამური მოცულობა 69,51 მილიონ ევროსა და 810 000 დოლარს აღემატება. გაყინულია ბელორუსის კომპანიებისა და ასევე, ფიზიკური პირების ანგარიშები - საერთო ჯამში - 23,71 მილიონი ევრო და 7,68 მილიონი აშშ დოლარი.
2022 წლის ბოლოსთვის FNTT-მ 77,9 მილიონი ევროს რუსული აქტივები და 9,5 მილიონი დოლარის ბელორუსული აქტივები გაყინა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთი მას მძიმე სანქციებს უწესებს და კიევს ეხმარება სამხედრო აღჭურვილობითა და სხვა ტექნიკით.